ჩვენ შესახებლაინ-აფირუკარადიოინფობილეთები
ბასი, რომელიც კი არ ისმის, იგრძნობა: Sioni Hi-Fi „თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე”
Underground8 min read

ბასი, რომელიც კი არ ისმის, იგრძნობა: Sioni Hi-Fi „თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე”

კინგსტონიდან ლონდონამდე და სიონის ტბიდან Factory Tbilisi-მდე — როგორ ჩამოვიდა საქართველოში პირველი ხელით აწყობილი საუნდსისტემა და რატომ იწყება ჰიპ-ჰოპის ისტორია იამაიკით.

ჰიპ-ჰოპის ისტორია ბრონქსით არ იწყება. 1973 წელს, Sedgwick Avenue-ზე, DJ Kool Herc-მა ის გამოცდილება გააცოცხლა, რაც კინგსტონში, ბავშვობაში ჰქონდა ნანახი: ხის ყუთებში ჩასმული დინამიკები, ერთი მიკროფონი და ხალხი, რომელიც კონცერტის ბილეთის უქონლობის გამო ქუჩაში ცეკვავდა.

საუნდსისტემა — ანუ ხელით აწყობილი, მობილური აკუსტიკური მონსტრი — 1940-იანი წლების იამაიკური კულტურის გამოგონებაა. ჯაზ ღონისძიებებზე დასწრება ძვირი ღირდა, რადიო კი ფუფუნება იყო. ყველა სისტემას საკუთარი სელექტორი ჰყავდა, საკუთარი ჟღერადობა და მიმდევრები, ხოლო ორი სისტემის შეჯახება — ე.წ. „საუნდ-ქლაში“ (Soundclash) — ღამის მთავარ ორთაბრძოლად იქცეოდა.

საქართველოში ეს კულტურა 2018 წელს შემოვიდა და მას Sioni Hi-Fi Soundsystem ჰქვია.

რა არის საუნდსისტემა და რატომ არ არის ის უბრალოდ „აპარატურა“

პირველი, რაც უნდა გავმიჯნოთ: საუნდსისტემა სტანდარტული საკონცერტო ხმის გამაძლიერებელი (PA) არ არის. PA სისტემას არ ჰყავს ტრადიციული გაგებით კულტურული ავტორი — ის წმინდად ინჟინრული მედიუმია. საუნდსისტემას კი ჰყავს შემქმნელი, აქვს სახელი, ბიოგრაფია და ხასიათი. ის კონკრეტული მუსიკისთვის, ხელით იწყობა: მძიმე ხის კორპუსები და მონუმენტური სკუპები, რომლებიც საბ-ბასს კი არ გაგონებენ, არამედ ფიზიკურ ტალღად გაჯახებენ; ჰორნები, რომლებიც შუა და მაღალ სიხშირეებს სივრცეში ისვრიან; აქ აპარატურა უბრალო გამტარი აღარ არის — ის ცოცხალი ინსტრუმენტია. პრეამპი, რომლითაც ოპერატორი მთელი ღამე ხელით მანევრირებს და სიხშირეებს პირდაპირ ტრეკის მსვლელობისას ჭრის თუ სივრცეში ისვრის, ამის საუკეთესო დასტურია. ამ კულტურაში სისტემის თითქმის ყველა დეტალი შეკვეთით, ხელით და ოპერატორის ხასიათზე იწყობა. ყველაფერი სუფთა custom ხელწერაა — პრეამპიდან და ეფექტებიდან დაწყებული, საფირმო დაბ სირენით დამთავრებული.

საუნდსისტემა, არსებითად, ერთი გიგანტური ინსტრუმენტია, რომელზეც ერთდროულად რამდენიმე ადამიანი უკრავს.

Sioni Hi-Fi Soundsystem ხუთზოლიანი, ე.წ. 5-Way სისტემაა: ხმა ხუთ სიხშირულ ზოლადაა დაყოფილი და თითოეულს თავისი დინამიკი ემსახურება. ეს ტექნიკური დეტალი გადამწყვეტია: საბ-ბასი, რომელიც ჩვეულებრივ კლუბურ სისტემაში გაურკვეველი გუგუნია, აქ დამოუკიდებელ ფიზიკურ ძალად იქცევა. ისე ოსტატურად მანიპულირებს სიხშირეებითა და რევერბით, რომ ყველაზე გაცვეთილი, ზეპირად ნასწავლი ტრეკიც კი სრულიად უცხო, მომაჯადოებელ გამოცდილებად გარდაიქმნება — თითქოს პირველად გესმის.

ეს Dub-ის ფილოსოფიაა: მოვლენა, რომელმაც საინჟინრო პულტი დამოუკიდებელ შემოქმედებით ინსტრუმენტად აკურთხა. პიონერი King Tubby იყო — კაცი, რომელმაც აჩვენა, რომ ტრეკის შენება მის დაშლასა და სიცარიელეებით თამაშშია. სწორედ მისმა მიდგომამ შექმნა თანამედროვე საკლუბო ჟღერადობის ფუნდამენტი: ტექნოს ჰიპნოტური სივრცეებიდან დაწყებული, ჯანგლისა და ბას-მუსიკის ენერგიამდე, თითქმის ყველა ელექტრონული ჟანრი საბოლოოდ Tubby-ს სტუდიური ექსპერიმენტებიდან იკვებება.

საუნდსისტემ კულტურაში ერთი რიდიმი (Riddim) შეიძლება 15-20 წუთი ან მეტი გაგრძელდეს, სადაც ბეისლაინი და დრამი უცვლელი რჩება, მაგრამ ყოველი მომდევნო ვერსია სულ სხვა სივრცეს ხსნის:

  • ვოკალური ვერსია: იწყება ორიგინალი ტრეკით, სადაც გზავნილი (Message) ფიქსირდება.

  • დაბ ვერსიები (Dub Cuts): ინსტრუმენტები და ვოკალი ნელ-ნელა ქრება, რჩება მხოლოდ “Drum & Bass”. ოპერატორი ექოებით (Tape Delay), რევერბითა და სიხშირეების ფილტრით პირდაპირ ლაივში შლის და თავიდან აწყობს ტრეკს.

  • მედიტაციური/ფიზიკური ეფექტი: ერთი და იგივე ბეისლაინის განმეორებადობა აუდიტორიას ტრანსში აგდებს. დაბალი სიხშირე მუდმივად გირტყამს სხეულში, გონება კი ეფექტების კოსმოსურ თამაშს მიჰყვება.

  • სელექტორის ნამდვილი იარაღი თუ ტრეკი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ის საუნდსისტემ შეჯიბრზე (Soundclash) ან მძიმე სესიაზე უპირატესობას არ გაძლევს.

  • Dubplate: სპეციალურად ერთი კონკრეტული საუნდისთვის მოჭრილი ექსკლუზიური ფირფიტა.

  • პროდიუსერი ან არტისტი ტრეკს, მის სპეციალურ ვოკალურ ჩანაწერს (Special) ან Raw Dub მიქსს ჩუქნის/ყიდის კონკრეტულ სელექტორზე. ეს არის საუნდის იდენტობა. თუ ეს ტრეკი გინდა მოისმინო, უნდა მიხვიდე კონკრეტულად ამ საუნდსისტემის სესიაზე. მას ვერც Spotify-ზე იპოვი, ვერც Bandcamp-ზე და ხშირად ვერც ვინილის მაღაზიაში.

Soundsystem

კინგსტონიდან ლონდონამდე

საუნდსისტემ-კულტურა ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ტექნოლოგიამ ჟანრი შვა და არა პირიქით. 1950-იანების კინგსტონში Duke Reid-ისა და Coxsone Dodd-ის სისტემები ერთმანეთს ექსკლუზიური ჩანაწერებით ეჯიბრებოდნენ. როცა ამერიკული რითმ-ენდ-ბლუზი აღარ ეყოთ, მუსიკის ჩაწერა თავად დაიწყეს. ასე გაჩნდა სკა, შემდეგ როკსტედი და ბოლოს — რეგეი.

1970-იანებში King Tubby-მ სისტემისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტული ვერსიების შექმნა დაიწყო: ვოკალს თიშავდა, ბასს წინა პლანზე წევდა, ხოლო ექოსა და რევერბს მიქშერიდან, ცოცხლად ამატებდა. ეს იყო დაბი (Dub) — პირველი რემიქსი მუსიკის ისტორიაში. ვინც დღეს „ვერსიას“, „ინსტრუმენტალს“ ან „დაბ-მიქსს“ ახსენებს, უნებურად კინგსტონის ენაზე საუბრობს.

შემდეგი თავი ლონდონია. 1950-60-იანი წლების კარიბულმა ემიგრაციამ სისტემები ბრიტანეთში ჩაიტანა. იქ მათ ახალი ფუნქცია შეიძინეს — იქცნენ დიასპორის თავშესაფრად, სადაც საკუთარი მუსიკა მშობლიური ხმით ჟღერდა. Jah Shaka-ს, Aba Shanti-I-ისა და Channel One-ის სისტემები დღემდე ნოტინგ-ჰილის კარნავალის ხერხემალია. სწორედ ბრიტანულმა საუნდსისტემებმა დაბადა ჯანგლი, დაბსტეპი და მთელი თანამედროვე UK Bass ჟღერადობა.

ლონდონი, სიონის ტბა და თბილისი

Sioni Hi-Fi Soundsystem საქართველოში პირველი ხელით აწყობილი, სპეციალურად დაბის, რეგეის და ბას-მუსიკისთვის შექმნილი საუნდსისტემაა. ის დიდ ბრიტანეთში აიგო, 2017 წელს ლონდონში ორი სატესტო სესია გამართა, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა.

იდეა ლევან ხურცილავას (Juno Q Beat) ლონდონში, Channel One-ის სესიაზე გაუჩნდა: ტრეკები, რომლებსაც წლების განმავლობაში უსმენდა, ხელით აწყობილ სისტემაზე სულ სხვა განზომილებად იქცა. წარმოუდგენელმა ვიბრაციამ და ასობით სხვადასხვა წარმოშობის, რწმენისა და ხასიათის მომღიმარმა ადამიანმა დაანახა, თუ რა აკლდა თბილისს. ამ შთაბეჭდილებების გაზიარებამ მეუღლესთან და უახლოეს სამეგობროსთან პროექტის ხორცშესხმას დაუდო სათავე. მიუხედავად იმისა, რომ გზაზე თანამოაზრეებთან შეთანხმებული ფინანსური თუ ორგანიზაციული გეგმები ჩაიშალა და მშენებლობის უზარმაზარი ფინანსური ტვირთის, ენერგიისა და ტექნიკური დეტალების სრულად საკუთარ თავზე აღება მოუხდა, უკან დახევა აღარ ყოფილა — თბილისს საკუთარი საუნდსისტემა უნდა ჰქონოდა.

სახელშიც ძალიან პირადი და ზუსტი კოდი დევს. ერთი მხრივ, ეს ჯუნოს ბავშვობას უკავშირდება: 11 წლის ასაკში, როცა სიონში პირველ დინამიკებს დაათრევდა და ცენტრალურ ფართებს აკეთებდა, სწორედ იქიდან დაიწყო მისი სელექტორობა, დიჯეინგი და მუსიკალური გზა. მეორე მხრივ კი, ეს არის იამაიკური რეგეის მთავარი მეტაფორა — Zion (სიონი), აღთქმული მიწა, თავისუფლების, სიწმინდისა და მშვიდობის სიმბოლო, რომელიც ბაბილონის მჩაგვრელ სისტემასა და ყოველგვარ უსამართლობას უპირისპირდება. Sioni Hi-Fi Soundsystem-მა ეს სამყაროები გააერთიანა: ბავშვობის პირველი იმპულსი, იამაიკური თავისუფლების ფილოსოფია და ქართული მიწის კონტექსტი.

პირველი ქართული საუნდსისტემ-დენსი 2018 წლის მიწურულს შედგა და იმ ღამიდან საქართველო მსოფლიო საუნდსისტემ-კულტურის რუკაზე გაჩნდა. საუნდსისტემ-კულტურა მხოლოდ ჟანრი არაა — ეს სოციალური მოდელია, რომლის მთავარი გზავნილი მშვიდობა, სიყვარული და ერთობაა. კინგსტონში ის ღარიბი უბნების ინფრასტრუქტურა იყო, ლონდონში — ემიგრანტების თავშესაფარი, თბილისში კი სრულიად ახალი ფუნქცია შეიძინა. წლებია ქალაქი ევროპულ „ტექნო-დედაქალაქად“ პოზიციონირებს და მისი ღამის ეკონომიკაც ამ მონოპოლიაზე დგას. ბას-მუსიკა, დაბი და რეგეი აქ ყოველთვის ვიწრო ნიშად რჩებოდა. Sioni Hi-Fi Soundsystem-მა ამ ნიშას საკუთარი ავტონომიური სივრცე და ხმა მისცა — ისეთი, რომელიც კლუბის სტანდარტულ ჩარჩოებში უბრალოდ ვერ ეტევა: სადაც შესვლა ხელმისაწვდომია, ხმა — უკომპრომისო ხარისხის და ყველა ერთ დონეზე დგას.

Sioni Hi-Fi Soundsystem

საუნდსისტემ-დენსი სამი ადამიანის სინქრონული მუშაობაა:

  • ოპერატორი — მართავს სისტემას: დგას პრეამპთან და წყვეტს, როდის ამოაგდოს ბასი, როდის დატოვოს ხალხი მხოლოდ მაღალი სიხშირეების პირისპირ, რომ შემდეგ საბ-ბასის დაბრუნება ნამდვილ აფეთქებად იქცეს.

  • სელექტორი — ირჩევს ფირფიტებს და აგებს ღამის მუსიკალურ დინამიკას.

  • MC — სისტემის ხმა და ენერგიაა: მიმართავს დარბაზს, აცნობს ტრეკებს და საჭიროებისას ითხოვს „რივაინდს“ — მომენტს, როცა ოპერატორი ფირფიტას თავიდან ატრიალებს. ეს ჟესტი საუნდსისტემ-კულტურის უმთავრესი რიტუალი და ჰიპ-ჰოპის „ჰაიპმენის“ პირდაპირი წინაპარია.

პირველად მისული ადამიანისთვის გამოცდილება ეტაპობრივად იშლება. თავდაპირველად სიმაღლე გაოგნებს — დინამიკების კედელი ორ-სამ მეტრზე ადის. შემდეგ მოდის ბასი, რომელიც ფეხისგულებიდან იწყება და მკერდში ჩერდება. მერე ტემპს ეჩვევი — რუთსი და დაბი ტექნოზე ორჯერ ნელია, რასაც თბილისელი მელომანის სხეული დროთა განმავლობაში უღებს ალღოს. ფინალი კი ნამდვილი მედიტაციაა: ერთი და იგივე ბეისლაინი, რომელიც ათ წუთს გრძელდება, ექოს შრეები და აუდიტორია, რომელიც კი არ ხტუნავს, არამედ ერთ ტალღაზე ირხევა.

აქ მოქმედებს დაუწერელი კანონიც: სესიებზე ფოტოსა და ვიდეოს თითქმის არავინ იღებს. ეს არა სნობიზმი, არამედ მომენტში ყოფნის კულტურაა. ტელეფონები ჯიბეში რჩება, ყურადღება კი — დინამიკებისკენ.

რეპერტუარი, DIY ლოგიკა და თავშესაფარი

Sioni Hi-Fi Soundsystem-ის რეპერტუარი დაბით იწყება და თანამედროვე ბას-მუსიკამდე იშლება: Roots, Reggae, Dub, Steppers, Jungle, Dubstep. სესიები, როგორც წესი, ისტორიულ ევოლუციას იმეორებს: საღამო რუთსით იხსნება და ჯანგლით ან დაბსტეპით პიკს აღწევს („Dub to Jungle“). ხუთ საათში თვალწინ ოთხმოცწლიანი მუსიკალური ეპოქა გაივლის.

ბოლო წლებში სისტემის მთავარ ბაზად კლუბი TES იქცა, სადაც რეგულარული შიდა ღონისძიებები და ღია ცის ქვეშ „Outdoor Skank“-ები ტარდება. იუბილეებსა და დიდ სესიებზე სისტემამ თბილისში დაბის, დაბსტეპისა და ჯანგლის წამყვანი საერთაშორისო ფიგურები ჩამოიყვანა: Vibronics, Alpha Steppa, Radikal Guru, Sinai Sound, Youngsta, Commodo, Sicaria, Double O და MC Chickaboo. მანამდე იყო ინსტორ-სესიები Vodkast Records-ში, თბილისის ქუჩის ხელოვნების ფესტივალის გახმოვანება და მრავალი სესია თბილისის გარშემო პარკებსა და სხვადასხვა ვენუებში.

აუცილებლად აღსანიშნავია ფრანგი პროდიუსერის, Dubstep/Dub ლეგენდა Von D-ს ვიზიტი პანდემიამდე. მან სრულიად უანგაროდ, „კულტურის მხარდაჭერის“ ნიშნად დაუკრა თბილისში, რითაც ლოკალურ ენთუზიასტებს უდიდესი მუხტი და საერთაშორისო საუნდსისტემ საძმოს მხარდაჭერა აჩვენა.

ხელით აწყობა მხოლოდ ესთეტიკა არ არის — ეს ეკონომიკური აუცილებლობაცაა. ქარხნული აპარატურა, რომელსაც ასეთი სიმძლავრის საბ-ბასის გამოცემა შეუძლია, ასიათასობით ლარი ღირს. ამიტომაცაა საუნდსისტემა „ცოცხალი ორგანიზმი“: ის მუდმივად იხვეწება, იზრდება და ყოველი სესიის შემდეგ რაღაც დეტალი ემატება. ეს DIY (Do It Yourself) მიდგომა ზუსტად ემთხვევა ჰიპ-ჰოპის საწყის ლოგიკას, სადაც ორი ფირსაკრავი და ერთი მიქშერი საკმარისი აღმოჩნდა მთელი გლობალური კულტურის ასაფეთქებლად.

Sioni Hi-Fi Soundsystem

რატომ ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე?

აქ წრე იკვრება. Kool Herc-ის ბრეიქბითი, MC-ის ტრადიცია, დაბ-პროდიუსერების ექსპერიმენტები (რომლებიც პირველი რემიქსები იყო), სემპლინგი და ბასის კულტი — ეს ყველაფერი ჰიპ-ჰოპმა იამაიკური საუნდსისტემიდან ისესხა. ბრონქსის ბლოკ-ფართები კინგსტონის ეზოს წვეულებების პირდაპირი გაგრძელებაა.

Sioni Hi-Fi Soundsystem-ის შოუქეისი 17 ოქტომბერს, Factory Tbilisi-ს ღია სივრცეში, ჰიპ-ჰოპის ფესვების ცოცხალი გაკვეთილი იქნება. ის, რაც ბრონქსში 1973 წელს ხდებოდა, თბილისში, ხის მძიმე რეზონატორებისა და ხუთი სიხშირული ზოლის მეშვეობით გაცოცხლდება — არა დახურულ დარბაზში, არამედ ღია ცის ქვეშ, როგორც ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული.

დაბოლოს, მთავარი წესი, რომელსაც ყველა გამოცდილი მსმენელი გაგიზიარებთ: დადექით საბ-ბასთან ახლოს (თან ყურის დამცავებიც იქონიეთ). მუსიკა ყველგან ისმის, ბასი კი მხოლოდ იქ იგრძნობა.

ბილეთები შეიძინეთ TKT.GE-ზე ან Biletebi.Ge-ზე

ფესტივალის წარმდგენი: საქართველოს ბანკი
გენერალური სპონსორი: betlive

მხარდამჭერები: Red Bull, Telegraph Hotel, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, Sioni Hi-Fi, JET, Pro Sound, Render Group, Smart, GWM – HAVAL, Zoommer, Subway, DUNKIN’, Mugsy’s Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop

საინფორმაცია პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online, Radio Fortuna +, Ambebi.Ge, Palitranews

Illustration By Lost & Found

0